ისრაელის "მოსადის" ხელმძღვანელი პირობას დებს, რომ სააგენტო „ჰამასის“ წევრებს ყველგან მოძებნის

ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, "მოსადის" ხელმძღვანელი დავიდ ბარნეა პირობას დებს, რომ სააგენტო მოძებნის ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული „ჰამასის“ ყველა წევრს, რომლებიც ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ სად იმყოფებიან ისინი.

ბარნეამ პარალელი გაავლო მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარი მკვლელობების შემდეგ შექმნილ ვითარებასთან, როცა "მოსადის" აგენტებმა მოძებნეს და დახოცეს ისრაელელი ათლეტების მკვლელობებში მონაწილე პალესტინელი მებრძოლები.


ლიბანურ დაჯგუფება ჰეზბოლასთან პოტენციური ესკალაციის გამო, ისრაელში ოთხშაბათს ომის საფრთხის მაღალი დონე იყო გამოცხადებული. ეს მოხდა მას მერე, რაც ლიბანის დედაქალაქზე მიტანილ იერიშს ემსხვერპლა ჰამასის ყველაზე გავლენიანი წევრი სალეჰ ალ-არური.

შეგახსენებთ, ბეირუთში, იერიშის შედეგად „ჰამასის“ ხელმძღვანელის მოადგილე მოკლეს. ისრაელი უარს ამბობს, უპასუხოს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დარტყმა მან განახორციელა.